пятница, 6 июня 2014 г.

არტემიდეს ტაძარი


დიანას მთავარი ქანდაკების გარდა, რომელიც იდგა ტაძარში ათასი პატარა ფიგურა კეთდებოდა პილიგრიმებისთვის, ისევე როგორც ლურდში დღემდე არის ქუჩები, სადაც ფარდულებში ყიდიან წმ. ქალწულის გამოსახულებებს. დიანას ამ ფიგურების დამზადება დიდი საქმიანობის წყარო იყო და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ერთ-ერთმა ასეთმა საქმოსანმა, დემეტრიოსმა, პროტესტი განაცხადა, როდესაც უცხოეთიდან ჩამოსულმა ებრაელმა, სახელად პავლემ, მოუწოდა ეფესელებს დაეთმოთ თავიანთი კერპთაყვანისმცემლობა. ეფესის ტაძარი აღმოაჩინა ინგლისელმა ი. ტ. ვუდმა, რომელიც 1863 წელს ბრიტიშ მუზეუმმა მიავლინა მისი ადგილმდებარეობის შესასწავლად. ამიტომ დავიწიოთ უკან დროში და ვნახოთ, რას მიაღწია ვუდმა თავისი კვლევით. უწინარეს ყოვლისა, არსებობდა ტრადიციული გადმოცემები ანტიკური ავტორებისა. მათ მიხედვით, ერთ დროს არსებობდა საკულტო ხე მდინარის დელტაში, ჭაობიან მიწაზე, ეფესის მახლობლად. კიმერიელებმა, რომელნიც მივიდნენ მცირე აზიის სანაპიროზე 660 წელს ქრისტემდე, დააქციეს ეს სამლოცველო, მაგრამ იგი შემდგომში შეკეთდა. ეს მეორე ტაძარიც დაანგრიეს და შემდეგ აღადგინეს; თუმც მალე იგიც ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, ქრისტემდე მეექვსე საუკუნეში ეფესი გადაიქცა დასავლეთ აზიის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად და მისმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ტაძრის აღდგენა, რათა კიდევ უფრო დიდებული იერი მიეცათ მისთვის. სახსრები გაიღო რამოდენიმე მეზობელმა სახელმწიფომ და ლიდიის მეფემ, კროესუსმა, რომლის სახელიც ულევი სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა. იგი მეფობდა 560-546 წლებში ქრისტემდე, რაც მიახლოებითი თარიღია მესამედ აღდგენისა. ამბობენ, რომ მან უსახსოვრა ტაძარს სვეტების დიდი ნაწილი, თუმც დღესაც გაუგებარია მისი მხრით ეგზომი პატივისცემა დღემდე ბუნდოვანი დანიშნულების სამლოცველოსადმი. ერთი რამ ცხადია: როდესაც შემდგომ საუკუნეში ჰეროდოტემ მოინახულა ეფესი, მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტაძარმა, რომ იგი მას ისეთივე აღტაცებით ახსენებს, როგორც პირამიდებს და მოერისის ლაბირინთს. იგი თეთრი მარმარილოსაგან იყო ნაგები და ოთხგზის აღემატებოდა თავის წინამორბედს, უმშვენიერესი იონიური სვეტებით დამშვენებული. რომელთაგან ზოგიერთს ქანდაკებაც ამშვენებდა. ეს იყო იშვიათი ნიმუში ბერძნული არქიტექტორისა. ჰეროდოტეს ვიზიტიდან ერთი საუკუნის შემდეგ ტაძარი კვლავ განადგურდა, ამჯერად ვინმე ჰეროსტრატეს უკუღმართი საქციელის შედეგად (356 წ. ქრისტემდე), რომელმაც დასწვა იგი თავის სახელის უკვდავსაყოფად. ამას მართლაც მიაღწია მან ტომას ბრაუნი ამის შესახებ წერდა: "ჰეროსტრატე ცოცხლობს, დიანას ტაძრის დამწველი, ხოლო მისი ამგები თითქმის აღარავის ახსოვს, დიანას სამლოცველო მეოთხეჯერაც აღადგინეს მდინარის პირას, ჭაობიან მიწაზე, ამჯერად კიდევ უფრო დიდებული და მშვენიერი, ვიდრე ოდესმე. ამბობენ, რომ ეფესელი ქალები ჰყიდდნენ თავიანთ სამკაულებს და ქმნიდნენ ფონდებს; მეფეები, კროესუსის მიბაძვით, უძღვნიდნენ მას კოლონებს; თვით ალექსანდრე დიდმა, როდესაც იგი აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა შესთავაზა ეფესელთ მთელი ხარჯის გაღება ტაძრის აღსადგენად. თუ ამ ძეგლს უძღვნიდნენ დიანას მისი სახელით. ამაზე ეფესელებმა უპასუხეს სანიმუშო ტაქტით: "განა შეიძლება ერთმა ღვთაებამ მეორეს მიუძღვნას ტაძარი?" ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო. ალექსანდრემ თავისი გზა განაგრძო, ხოლო ეფესელთ დააგვირგვინეს თავიანთი საქმე დაახლოებით 323 წ. ქრისტემდე, ტაძრის დასრულებით. ეს იყო ის ნაგებობა, რომელიც ნახა პავლე მოციქულმა. მანამდის, სამი საუკუნის განმავლობაში, ტაძრის მშვენება ანდაზად იქცა. ადამიანები ზღვის გაღმიდან მიდიოდნენ, არ უფრთხოდნენ დიდ და საშიშ გზას, რათა თვალი შეევლოთ მისთვის და მსხვერპლი შეეწირათ ქალღმერთის საკურთხეველზე. მისი არქიტექტურის ზეაღმტაცი მშვენების გარდა-127 სვეტი, თითო მათგანი 60 ფუტის სიმაღლისა, 36 ქანდაკებით დამშვენებული, - ყოველივე ეს იზიდავდა სიმდიდრეს საბერძნეთიდან და მცირე აზიიდან. აღმოსავლური მონარქიები და ბერძნული დემოკრატიები ეჯიბრებოდნენ ურთიერთს უმდიდრესი ძღვენის გამოგზავნაში. ქვედა თაღები ძვირფასი ლითონებით იყო შემკული, ზემო დარბაზებში ნაირგვარი საუნჯე ინახებოდა წმ. პეტრეს ტაძრის მნახველებს დღესაც აღაფრთოვანებს მიქელანჯელოს პიეტა და ბერნინის ქანდაკებანი, დიანას ტაძრის მნახველები კი ორი ათასი წლის წინ თავიანთ გარშემო ხედავდნენ ბერძნული გენიის უზენაეს მიღწევებს."

Комментариев нет:

Отправить комментарий