ვ.წ. 604-562 წლებში ბაბილონს მართავდა დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ II. მისი სამეფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა.მეფემ იზრუნა, რათა ბაბილონი უმშვენიერესი და აყვავებული ქალაქი ყოფილიყო. გაოცებას იწვევდა ქალაქის შესასვლელი, რომელიც ქალღმერთ იშთარის კარიბჭედ მოიხსენიებოდა. კარიბჭის კოშკები მოპირკეთებული იყო სხვადასხვა ფერის მოჭიქული შორენკეცით. მუქ ლურჯ ფონზე გამოსახული იყო თეთრი და ყვითელი ხარების, დრაკონებისა თუ ოქროსფერფარფლიანი ლომების ფიგურები. იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა და მთელ ქალაქს კვეთდა პროცესიის ქუჩა, რომელსაც ამშვენებდა სამეფო სასახლე და მთავარი ტაძარი. სასახლის კედლის მიღმა მოჩანდა ე.წ. დაკიდული ბაღები. ტერასებად აგურდაგებულ თაღებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან მოზიდული ხეები, ბუჩქები და ყვავილები. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ბაღები ჰაერში ეკიდა. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაქაჩი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით აჰქონდათ.ეს ბაღები ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ააგეს მისი უსაყვარლესი ცოლისთვის. ამიტისი მთიანი ქვეყნიდან, მიდიიდან იყო, ბაბილონის გაშლილ ვაკეზე აგებული დაკიდული ბაღები კი მას თავის სამშობლოს აგონებდა.ბაბილონის დაკიდული ბაღების გაშენებას დღესაც შეცდომით მიაწერენ დედოფალ შამურატს, რომელიც ნაბუქოდონოსორამდე ორასი წლით ადრე განაგებდა ბაბილონს. მას ბერძნები სემირამიდას უწოდებდნენ. სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია, რომ ნაბუქოდონოსორის მიერ შექმნილ ბაღებს ბევრი სემირამიდას ბაღებად მოიხსენიებს. ბაბილონის დაკიდებული ბაღებისაგან დღეს არაფერია დარჩენილი, მაგრამ, თუ როგორი იყო იგი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ძველ ასურულ რელიეფზე გამოსახული ბაბილონური შენობა-ნაგებობების მიხედვით.
Комментариев нет:
Отправить комментарий