ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 28 მაისი (ძველი სტილით – 15 მაისი), 1862, სოფ. ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო (ძველი სტილით – 27 ივლისი), 1915, თბილისი) — ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი.8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფ. ჩარგალში მამის,სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1862 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა - ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნეგრა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როდესაც იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა ამდენი ლექსისდამახსოვრებას.
ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე. რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მაგრამ აბა რა სიკეთე იქნებოდა იმ სასწავლებლიდან, სადაც ბავშვი საკუთარ მეობას, ეროვნებასა და მშობლიურ ენას ივიწყებდა. თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით ვეღარ განაგრძო სწავლა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში და გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. აქ ვაჟა გულმოდგინედ სწავლობდა. უკვე განესაზღვრა თავისი მომავალი - საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება იქნებოდა მისი საქმიანობა.
სემიანარიაში სტუდენტები ხელნაწერ ჟურნალს - „რიჟრაჟს“ გამოსცემდნენ. ვაჟა-ფშაველა ამ გამომცემლობის აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მალე მისი თარგმანები და ლექსები გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „იმედში“ გამოჩნდა. ამ დროს იგი მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ კი პეტერბურგში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და ჩარგალში დასახლდა. ვაჟას წვრილშვილი ჰყავდა და ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს მაინც ვერ აღწევდა. როგორც ამბობენ, ჯან-ღონე კი დიდი ჰქონდა, მაგრამ მეურნის გონება კი - არა, რადგან მისი ფიქრი სულ სხვაგან ჰქროდა. როდესაც „თავისი ანგელოზები“ ეწვეოდნენ, მუშაობას თავს მიანებებდა და დიდი მოწოდების აღსასრულებლად გარბოდა. ერთხელ ცოლმა უსაყვედურა: ჩვენ საჭმელი არა გვაქვს, შენ კი სულ ჯღაბნი და ჯღაბნიო. ვაჟას გასცინებია და უპასუხნია: ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა. ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო.
ვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. იმდენი ქება-დიდება, მოწონება ესმოდა, მაგრამ იგი ისევ უბრალო, თავმდაბალი ვაჟა იყო, საყვარელი ვაჟა, გაჭირვებაში მყოფი, ვაჟკაცურად მებრძოლი ამ გაჭირვებასთან (დავით კლდიაშვილი).
მძიმე შრომამ და შეჭირვებამ ვაჟას მალე შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა. ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და ლიტერატურული საღამო გაუმართა, რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით - „ქართული პოეზიის არწივს“.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხს ძლიერ უყვარდა.იგი მიუწვევიათ ქუთაისში, გორში, ჭიათურასა და ფოთში. დიდად აფასებდნენ იმდროინდელი გამოჩენილი მოღვაწენიც. ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით ამბობს: „ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო“. ვაჟაც, როდესაც კი თბილისში წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდა. შემდეგ კი ეს მარგალიტები ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე.
მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება. მიუხედავად ექიმთა მცდელობისა, ვეღარ უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, გარდაცვალებიდან 20 წლისთავზე კი მთაწმინდაზე აასვენეს, რადგან ტიციან ტაბიძისა არ იყოს „მთაწმინდა ისე არავის ეკადრება, როგორც ამ მართლა წმინდა მთას“.
ვაჟა-ფშაველას პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი - გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.
აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური) — ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.
დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.
1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრავმას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.
პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წლები
1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.
კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ....... ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.
ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა...“
ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.
ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - “თერგდალეულთა“ ტრადიციები.
1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.
სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.